ბიოგრაფია

ვახტანგ გოგუაძე დაიბადა სოფელ ლესაში (ლანჩხუთის რ-ნი) 1940 წლის 14 თებერვალს. მშობლები: ანგელინა დარსალია და ვლასი გოგუაძე; მეუღლე: ნანა ჩხაიძე; შვილები გიორგი და თამარი. 1958 წ. ვერცხლის მედლით დაამთავრა სოფელი ლესის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1963 წელს. 1967 წ. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ფორმა და შინაარსი პოეზიაში (ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მაგალითზე)". 1984 წ. კი - დისერტაცია თემაზე "ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი" და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ესთეტიკის დარგში. 1988-1991 წლებში ის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მიერ მიწვეული იყო სასულიერო აკადემიაში ლექციების წასაკითხად ანთროპოლოგიაში. ვახტანგ გოგუაძე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორი (1985-1990 წწ.), აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო ეროვნული კონგრესის წევრი (1990), 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი გახდა, იმავე წელს საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს, 1995-1998 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. მისი ბიოგრაფია შეტანილია შავი ზღვის ეკონომიური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ცნობარში, დსთ-ს ასამბლეის ცნობარში. 2001 წლიდან ის თავმჯდომარეობდა "რუსეთ-საქართველოს მეგობრობის კავშირს" და ამავე დროს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. საქართველოსა და რუსეთში მას იცნობენ როგორც მწერალს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს.

ვახტანგ გოგუაძე არის ავტორი წიგნებისა: "ერი გულადი, პურადი..." (1977, მეორედ გამოიცა 2009 წელს), "ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი" (1980), "Человек в Искусстве" (ТГУ, 1989), "მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია" (1993), "Верните мне мою Россию" (Тбилиси, 2000), "Два Зверя" (Тбилиси, 2002), "Судьба Грузии от Бориса Годунова до Владимира Путина (1604-2004 гг)"  (Тбилиси, 2004), "Сталин и Страшный Суд" (Тбилиси, 2005). "Сталин и Апокалипсис" (Тбилиси, 2007). ასევე აღსანიშნავია რომ ვახტანგ გოგუაძემ 1983 წელს ცნობილი რუსი ფილოსოფოსისა და ფილოლოგის ალექსეი ლოსევის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეადგინა და გამოსცა მეცნიერის ნაშრომთა კრებული. ის აგრეთვე არის მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.
ვახტანგ გოგუაძე გარდაიცვალა 2007 წელს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
Copyright © 2010 vakhtanggoguadze.ge. All Rights Reserved! Designed by David Elbakidze-Machavariani.